თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აცრა სიკვდილისგან გვიცავს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს აცრას შესთავაზებენ. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა გამჭვირვალე, თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა.
„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გამოვთქვი ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამას შევთავაზებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სხვა პარტიების კანდიდატებსაც მოუწოდა, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა წინასაარჩევნო კამპანია უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. მან მერობის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს მიმართა თხოვნით, რომ საარჩევნო შეხვედრებზე პირბადე გამოიყენონ.
ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა ვაქცინირებული პირი დაინფიცირდეს, მაგრამ სიკვდილი გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე იშვიათ შემთხვევას მთელ მსოფლიოში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თავად პრემიერი ღარიბაშვილი პრეპარატ Pfizer-ით კვირას, 8 აგვისტოს საჯაროდ აიცრა.
9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში ჩატარდა 641.242 აცრა, აქედან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 197.118 პირი.