თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. „Forbes-ესპანეთმა“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი დაასახელა მსოფლიოში შვიდ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილს შორის და ტურისტებს მისი მონახულება ურჩია.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, „Forbes-ესპანეთმა“ ვარძია დაასახელა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი, რადგან მისი მონახულება უარყოფითი PCR-ტესტის გარეშე შეუძლებელია.
„დღეს რამდენიმე ბერი უვლის ამ მისტიკურ ადგილს, რომელიც გაჩნდა XII საუკუნეში, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1.300 მეტრზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, სადაც შესაძლებელია ღრმად ჩაიძირო კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით“, - წერს Forbes-ესპანეთი.
ვარძიას წელიწადში დაახლოებით 400 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.
იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს.
ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.
არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.
ვარძიის გარდა, სხვა ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა XII საუკუნის ვილა გოზოზე (მალტა), გალაპაგოსის კუნძულები (ეკვადორი), ნამიბის უდაბნო (ნამიბია), ირლანდიის უძველესი მთები, სალარ-დე-უიუნის მარილის ტბა (ბოლივია) და სომხეთი, სადაც მსოფლიოში უძველესი კონიაკის დეგუსტაციაა შესაძლებელი.