თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი აშენდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩემპიონთან ერთად ჩავიდა.
„ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენი ქვეყნის, მთელი ერის და განსაკუთრებით, აი, ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. მინდა, ლაშას, ამ გმირ კაცს, კიდევ ერთხელ მივულოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება. ეს არის ჩვენი სიამაყე. დღეს მე ლაშას ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიადის მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებმა თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ).
მანამდე საქართველოს ხელისუფლება თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადის ოქროს მოიპოვებს, 1 მილიონ ლარს შეპირდა.