თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მობილური კავშირის დიდმა ოპერატორებმა თავიანთი ქსელები არ წარუდგინეს მობილურ ოპერატორებს, რის გამოც ახალი სისტემის დანერგვა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, განაცხადეს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, წარმოედგინათ სხვა მობილური ოპერატორებისთვის ქსელისადმი ხელმისაწვდომობა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს.
ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, სამივე მობილური ოპერატორი საჯაროდ დათანხმდა, რომ ორგანიზაციებისთვის თავის ქსელში წვდომა მიეცა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არანაირი რეალური და საგრძნობი ნაბიჯი არ გადადგმულა. მათი განცხადებით, ეს ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესს ართულებს.
კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
გარდა ამისა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არაერთხელ განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვირტუალური მობილური ქსელები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კომისიაში იმედი გამოთქვეს, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მცხოვრებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ოპერატორებისა და ინოვაციების არჩევისას ბევრად ფართო არჩევანი ექნებათ.
მობილური კავშირის ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში სამი კომპანია შედის – Inexphone, Myphone და Jens.