საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს მთავრდება

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის, მინიმუმ 23 ქულის დაგროვებას. გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა 6 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, სამშობლოში სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ. 
განათლების სამინისტრო სტუდენტებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
მსურველებმა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღეს 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც მისამართზე - gancxadebebi@naec.ge.
გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
უწყების ცნობით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.