თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ქართველი ფალავანი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ეტაპზე ამერიკელ გეიბლ დან სტივენსონს შეხვდა.
ორთაბრძოლის პირველ პერიოდში უპირატესობას ამერიკელი მოჭიდავე ფლობდა და პირველი ნახევარი მან 4:0 მოიგო. მეორე პერიოდში ინიციატივა უკვე პეტრიაშვილმა აიღო და ზედიზედ 8 ქულა მიითვალა. პეტრიაშვილის უპირატესობის მიუხედავად (8:5), სტივესონმა ბოლო წამებზე აქტიურ ჭიდაობას მიმართა, რამაც შედეგი გამოიღო და საბოლოოდ ქართველი ფალავანი ანგარიშით 8:10 დამარცხდა.
პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და თავიდან ეგვიპტელი კამალ აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა ჩინელ ჟივეი დენგის 5:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში მან ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს ბარიერი დაძლია.
27 წლის გენო პეტრიაშვილის კარიერაში უკვე ორი ოლიმპიური მედალია. ქართველმა მოჭიდავემ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, ტოკიოში კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის რვა მედალია, რაც საქართველოსთვის სარეკორდო მაჩვენებელია.