თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის „დელტა“ შტამი უფრო სახიფათოა ორსულებისთვის, ვიდრე სხვა ვარიანტები, ასეთ დასკვნამდე მივიდა უტრეხტის (ნიდერლანდი) საუნივერისტეტო სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიის დარგის პროფესორი კიტი ბლუმენკამპი.
მისი თქმით, ნიდერლანდში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ ჰოსპიტალიზებულია უფრო მეტი ორსული ქალი, ვიდრე COVID-19-ის წინა შტამების დროს იყო.
„ეს ქალები არ არიან ვაქცინირებული და არ აქვთ რომელიმე სხვა თანმდევი დაავადება. მიუხედავად ამისა, ისინი მძიმედ ავადდებიან კორონავირუსით“, — განუცხადა მან გამოცემა Algemeen Dagblad-ს.
როგორც პროფესორი ამბობს, ბავშვი შეიძლება დროზე ადრე დაიბადოს, როდესაც დედა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იქნება ჩართული.
ბლუმენკამპის განმარტებით, როდესაც ქალი, რომლის ორსულობაც კარგად მიმდინარეობს, კორონავირუსით ავადდება, მისი მდგომარეობა მოულოდნელად და სწრაფად უარესდება და ამიტომ მისი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე ჩართვა ხდება საჭირო.
კორონავირუსის „დელტა“ შტამი (B.1.617) ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ივლისის პირველი ნახევრიდან იქცა დომინანტად. ეს ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელდა.