თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბაბუა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა. შედეგად, 14 წლის გოგონამ მიმდინარე წლის 9 თებერვალს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ბაბუა 15 თებერვალს დააკავეს.
14 წლის გოგონას ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა. როგორც აღმოჩნდა, 76 წლის ბაბუამ გაიგო 23 წლის მამაკაცთან მისი შვილიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რის გამოც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.
აღნიშნულ საქმეზე საკუთარ განაჩენს ელოდება 23 წლის ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ აგრეთვე თებერვალში დააკავა.