შსს ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაღდათის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ წარსულში ნასამართლევი პირის დანიშვნის შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 
მინისტრმა გომელაურმა უწყების განვითარების 10–წლიანი გეგმა წარადგინა
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნების წინ რეგიონებში ძალების მობილიზება დაიწყო და ბაღდათის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ნასამართლევი პირი გოგა კბილაშვილი დანიშნა.
როგორც შსს-ში აღნიშნეს, კბილაშვილი უწყებაში 2003 წლიდან მუშაობს და არასდროს ყოფილა ნასამართლევი.
„აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს „ფეიკნიუსის" კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია”, – ნათქვამია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
შსს საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, ინფორმაცია სანდო წყაროებთან გადაამოწმონ.