თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მასშტაბური რეფორმა დაგეგმა, რომლის თანახმად გადასახადების გადახდა გაცილებით იოლი იქნება, არაგადამხდელთა რაოდენობა კი შემცირდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს 10–წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
გადასახადებიდან შემოსავალი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ–ერთი ძირითადი მუხლია. ამასთან, საქართველოში გადასახადების ადმინისტრირება ძალზე მარტივია – ერთი ფანჯრის პრონციპით.
„ნული ფანჯრის“ პრინციპი არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, სრული ავტომატიზაცია გულისხმობს ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემების დანერგვას, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც.
„შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა რაოდენობა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.