თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ინფექციის გავრცელებას ყველაზე მეტად იწვევს გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფა და დიდი საზოგადოებრივი თავშეყრები.
„დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება. მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, თორემ სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზღვრულია და დისტანცია, წესი დაცულია, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ განმარტა, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ოჯახურ თავშეყრებზე, ასევე ქორწილებსა და სხვა უკონტროლო ღონისძიებებზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.