აშშ მზადაა დაუბრუნდეს ირანთან კონსულტაციებს ვენაში: დასახელდა პირობა

ვენაში აპრილიდან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის, რომლის დასრულების იმედი მათ მაისის ბოლოსთვის ჰქონდათ.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დელეგაცია მზადაა დაუბრუნდეს ვენაში ირანთან არაპირდაპირ კონსულტაციებს ბირთვული პროგრამის მოქმედებათა ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის (ბირთვული გარიგება) თაობაზე ერთი პირობით, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.
„ჩვენ მზად ვართ დავბრუნდეთ ვენაში, რათა განვაახლოთ ეს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ბირთვული გარიგების პირობების ორმხრივი დაცვის შესახებ. <...> უკიდურესად ნათელია, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა და მთავრობამ, თავიანთი სისტემის ფარგლებში, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმ კურსის შესახებ, რომლის გატარებაც სურთ [ვენაში ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით]“, — აღნიშნა დიპლომატმა.
პრაისის თქმით, „პოტენციური მეშვიდე რაუნდის“ ჩატარების თარიღი შემდგომში გამოცხადდება.
რუსეთს აშფოთებს ირანში გამდიდრებული ურანის მარაგების ზრდა
ამასთან მან დააზუსტა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თეირანთან პატიმრების გაცვლის საკითხის განხილვას, ვინაიდან „უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლება“ მათთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.
„ჩვენ არ შევწყვეტთ მათი გათავისუფლების საკითხზე მუშაობას მანამ, სანამ ისინი თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნდებიან“, — აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.
„წინააღმდეგობა გაუწიეთ დასავლეთს“: აიათოლამ მსოფლიო მუსლიმებს მიმართა>>
ვენაში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია) ირანის ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე. ეს ითვალისწინებს: აშშ-ის სანქციების მოხსნას ირანისთვის, თეირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებას, აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნებას. გარიგების მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები ასევე ცალკე კონსულტაციებს მართავენ ამერიკის დელეგაციასთან — ირანის გარეშე.