თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
ღია გზავნილის ტექსტი „პატრიოტთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრების გაზიარება, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგსა და კეთილმეზობლობას ემხრობა.
ტექსტში ასევე აღწერილია მოსახლეობის გამოკითხვასთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტებმა“ ჩაატარეს. გამოკითხვისას მოსახლეობას ეკითხებოდნენ, ემხრობიან თუ არა ისინი სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. „პატრიოტები“ ამტკიცებენ, რომ სულ გამოიკითხა 2 მილიონზე მეტი რესპონდენტი და გამოკითხვის შედეგებით უმრავლესობა ემხრობა ქვეყნის ნეიტრალიტეტს და დიალოგს რუსეთთან.
„არავინ დაეჭვებულა ამ ჩანაწერების და გამოკითხვის ფურცლების ნამდვილობაში და არავის გაუპროტესტებია გამოკითხვის შედეგები. თუმცა, გამოკითხვის შედეგების განხილვის ნაცვლად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორებისგან, შეთანხმებულად და საჯაროდ დაადანაშაულეს გამოკითხვის ინიციატორები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“, – ნათქვამია წერილში.
იქვე აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს რუსეთთან ბრძოლაში იყენებს და ხელს უწყობს ქვეყანაში დაძაბულობის შენარჩუნებას.
„ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია! ვფიქრობ ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია გზავნილში.
წერილის ავტორები რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ, განმუხტოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის და აღადგინოს ორმხრივი ურთიერთობები.
„ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენ თქვენი დახმარების იმედით ჩვენი თანამშრომლობის განახლების საკითხში სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. თქვენი დახმარება უკიდურესად აუცილებელია ასევე ერთობლივი მასმედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს იმის შეგნებას, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ღია და მეგობრული ორმხრივი ურთიერთობების აშენება მხარეთა ინტერესების რეალური გათვალისწინების საფუძველზე“, – ნათქვამია წერილში.
წერილი ოთხ ეგზემპლარად შეადგინეს. მას ხელი 42-მა ადამიანმა მოაწერა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო.
თუმცა პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ამასთან, პარტიის სიიდან ოთხმა დეპუტატმა „ალიანსი“ დატოვა და პარლამენტში შევიდა. მათ შექმნეს პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.