ოპოზიციის ნაწილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურაზე შეთანხმდა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კონსტიტუციონალისტ გიორგი სიორიძის კანდიდატურაზე შეთანხმდა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ხუთი ოპოზიციური პარტია მზადაა მხარი დაუჭიროს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, კონსტიტუციონალისტ გიორგი სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სანდრო რაქვიაშვილმა.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე უნდა ჰყავდეს – ერთი ოპოზიციიდან, ხოლო მეორე – დამოუკიდებელი.
პარლამენტმა გუშინ ცესკოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა, რომელიც ცესკოს ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე აირჩია
„ორდღიანი მოლაპარაკების შედეგად „გირჩის" ოფისში ჩამოვყალიბდით კანდიდატზე, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს. ხუთი პარტია მას დღეს წარადგენს და, იმედი მაქვს, მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს და ოპოზიციური კონსენსუსით იქნება არჩეული", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, სიორიძეს, გარდა „გირჩისა“ და „ლელოსი“, მხარს უჭერენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი სოციალისტები“ და „ევროპელი დემოკრატები“.
მაგრამ ჯერჯერობით გრძელდება კონსულტაციები ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2 აგვისტოს დაიწყო.