დაწესდება თუ არა ახალი რეგულაციები: რა გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ

გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილი: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვასა და შეზღუდვებს>>
გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია – მოქალაქეებმა ზედმიწევნით შეასრულონ ის წესები, რაც უკვე მოქმედებს.
„სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ თავად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სანქციები უბრალოდ ფორმალობაა. სტანდარტი ერთია, სანქცირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება. შრომის ინსპექტირების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ამაზე ერთად მუშაობენ“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანა უკვე შევიდა პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
რომელ ვაქცინას ენდობიან ყველაზე მეტად საქართველოში – გამოკითხვა
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 523.466 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 165.084 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის შეზღუდვები არ მოქმედებს.