თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გადატანიდან პირველ ორ კვირაში მნიშვნელოვნად იზრდება გულ-სისხლძარღვთა საშიში დაავადებების რისკი, წერს სამეცნიერო ჟურნალი The Lancet შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომზე დაყრდნობით.
მკვლევარებმა მიოკარდის მწვავე ინფარქტისა და იშემიური ინსულტის წარმოშობის სიხშირე შეისწავლეს იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ გადატანილი და მათი მონაცემები საკონტროლო ჯგუფს შეადარეს, რომელშიც ამ დაავადებების მქონე, თუმცა კორონავირუსით არაინფიცირებული ადამიანები შედიოდნენ.
აღმოჩნდა, რომ კორონავირუსული დაავადება დაახლოებით სამჯერ ზრდის მიოკარდის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის რისკებს მისი გადატანიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამგვარი კავშირი ვლინდებოდა ასაკის, სქესისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ექსპერიმენტში 86.742 კაცი მონაწილეობდა და ეს, ნაშრომის ავტორების თქმით, ყველაზე დიდი მსგავსი კვლევაა.
მანამდე The Lancet-მა გამოაქვეყნა ობსერვაციული კვლევის შედეგები, რომელშიც ბრიტანეთის 300-ზე მეტი საავადმყოფოს პაციენტები მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის შემდეგ ყველაზე ხშირი გართულებები თირკმელს უკავშირდებოდა — თითქმის 25%, რესპირატორული — 18% და სისტემური — 16%.
ამასთან თითქმის ყოველ მერვეს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა (12%), ასევე ნევროლოგიური (4%), კუჭ-ნაწლავთა და ღვიძლის (თითო პროცენტზე ნაკლები) გართულებები.