მთავრობის პირველი პირები ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჯერჯერობით ერთადერთ ოქროს მედალს ძიუდოისტი ლაშა ბექაური დაეუფლა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ მოჭიდავეს იაკობ ქაჯაიას ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ. 
კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დაეუფლა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ფინალში სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
„მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“ – ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველ მოჭიდავეს საკუთარ Facebook-გვერდზე გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც.
„გილოცავთ! პირველი მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“, – დაწერა პრეზიდენტმა.
27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 34 სპორტსმენით ასპარეზობს. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული დელეგაციიდან ოქროს მედლის მფლობელები ერთი მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან.