თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია, იუწყება United World Wrestling-ი.
130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა. ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.