თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ორ ქართველ სპორტსმენს - ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს - ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო ტოკიოდან სამშობლოში გამოამგზავრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Kyodonews ავრცელებს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ორივე სპორტსმენმა თვითნებურად დატოვა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია, რაც პროტოკოლით აკრძალულია, და ტოკიოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გადაწყვიტა.
საბედნიეროდ, ძიუდოს ტურნირი უკვე დასრულებულია და მარგველაშვილი და შავდათუაშვილი 66 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში თამაშების ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ხუთი მედალი (ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო). ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, დანარჩენი მედლები ძიუდოისტების ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯერჯერობით 22-ე ადგილს იკავებს.