მთაწმინდაზე გაუჩინარებული უცხოელი ქალის საქმე: ვრცელდება ახალი დეტალები

შსს მთაწმინდაზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მთაწმინდის ტერიტორიაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
უკვე მეორე დღეა თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ქალს ეძებენ. გოგონა, სავარაუდოდ, თავდასხმის მსხვერპლი გახდა და დაიკარგა. შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია.
მთაწმინდაზე ტურისტ გოგონას ეძებენ: დაწყებულია გამოძიება
გავრცელებული ინფორმაციის, ახალგაზრდა ქალი სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
მეგობრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გოგონას ტელეფონზე ზარი გადიოდა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა. ამასთან, ქალის ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მობილური ტელეფონი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი, თუმცა ეს დაუზუსტებელი ვერსიაა. სამართალდამცველებს ამასთან დაკავშრებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„წელიწადზე მეტია ჩემი მეგობარი საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ ინგლისურის მასწავლებლებად ვმუშაობთ. ის მთამსვლელობით იყო გატაცებული და მთაწმინდაზე ვარჯიშობდა. გუშინ, საღამოს საათებში, მთაწმინდაზე წავიდა. არ ვფიქრობ, რომ შორს წასულიყო. წასვლის შემდეგ ამერიკელმა მეგობარმა დაურეკა და ისაუბრეს. მას შემდეგ არაფერი გაგვიგია“, - ამბობს დაკარგულის მეგობარი როსს ტომპსონი.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დრონით მიმდინარეობს, ასევე ჩართულნი არიან  კინოლოგებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაკარგულის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან. ისინი, თბილისში სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ. ასევე, ჩამოსვლას აპირებს ავსტრალიის კონსული, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება პროცესში.
მაშველებმა 120 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდნილი ტურისტი ამოიყვანეს
დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
შსს-ში ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.