თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) კომპანია „თელმიკოს“ წინააღმდეგ რამდენიმე ათეული საჩივარია შემოსული, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, სემეკს 50-მდე მოქალაქემ მიმართა თხოვნით, შეესწავლათ „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებისთვის დარიცხული თანხები. კომისიის სხდომა, რომელზეც აღნიშნულ საჩივრებს განიხილავენ, 12 აგვისტოს გაიმართება.
როგორც ნარმანიამ განმარტა, თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდება, სემეკის რეაგირება იქნება უმკაცრესი და „თელმიკოს“ მიმართ მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.
„ზოგიერთ ნაწილში იკვეთება თანხების არასწორი დარიცხვა, საიდან გამომდინარეც, ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე მოხდა მომხმარებელთა გადაყვანა და, შესაბამისად, უფრო მაღალი დაანგარიშება კომპანიის მიერ“, — აღნიშნა ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, პირველადმა მოკვლევამ მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესისა და რეგულაციების უგულებელყოფა და არასწორი დარიცხვები გამოავლინა.
მისი თქმით, თუ კომპანიამ შეცდომები განმეორებით დაუშვა, ჯარიმებიც გაორმაგდება. მისი განმარტებით, კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა არის 75 ათასი ლარი.
2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა. „თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას აწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“), ხოლო რეგიონებში „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად — „ეპ ჯორჯია“.