ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ ასევე მიიღო ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს, მელიას განცხადებით, მან პარტიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ფორმალურად დარჩნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მიიყვანონ. 
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
„მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლამენტს, საპარლამენტო მანდატს, და ჩემივე პრინციპული თხოვნით ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები რჩებიან პარლამენტში. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რაც არის „ქართული ოცნების" ოცნება“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ.
მელიას თქმით, იგი დღეიდან აქტიურად ერთვება საარჩევნო პროცესში, „რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნების“ დამარცხება გაფორმდეს".
მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.