კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი და ახალგაზრდობა: თეა წულუკიანის ათწლიანი გეგმა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უახლოესი ათი წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები უწყების ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. კულტურაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერება, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია უცხოეთში – ეს არის კულტურის სამინისტროს ათწლიანი გეგმის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

მინისტრის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით 2030 წლისთვის შესწავლილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა, ძეგლების 100% აღირიცხება ელექტრონულ პლატფორმებზე, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება 500-მდე ძეგლზე. შესწავლილი იქნება საზღვარგარეთ გამოვლენილი ქართული ძეგლების 55%.
ხელოვნების მუზეუმის შენობა ვერ აღდგება – კულტურის სამინისტრო
გარდა ამისა, იგეგმება სამუზეუმო საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. აღდგენილი იქნება საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რისთვისაც 70 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

სახელოვნებო განათლება

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტრო აპირებს სახელოვნებო განათლების განვითარებას, დედაქალაქსა და რეგიონებში იმუშავებენ სახელოვნებო განათლების დაწესებულებები. მოხდება არაფორმალური განათლების დაწესებულებების ხელშეწყობა: ესაა სახელოვნებო წრეები, სტუდიები, სკოლები და სხვ.
ასევე გეგმებშია უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის განხორციელება, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. რეფორმის შედეგად 168%-ით, 28 მლნ-მდე გაიზრდება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაფინანსება. გარდა ამისა, აღდგება კულტურის სფეროს 30-მდე გამქრალი პროფესია და უზრუნველყოფილი იქნება სახელოვნებო პროფესიების განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი უწყვეტი განათლების სისტემა. კულტურის სფეროში ხელი შეეწყობა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას – 5-მდე პროგრამა ყოველწლიურად (1,5 მლნ ლარი).

კულტურა და კანონი

კულტურის სამინისტროს მიერ სალიტერატურო და საგამომცემლო საქმიანობის, თანამედროვე დრამატურგიის და თეატრალური ხელოვნების განვითარების, ქართული პროფესიული მუსიკალური განვითარების, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, ქართული ფოლკლორისა და ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებისათვის ყოველწლიურად 80 მილიონამდე დაიხარჯება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო – შემუშავდება „კულტურის კოდექსი“, რომელიც იქნება კულტურის სფეროს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. კოდექსი გააერთიანებს კულტურის სფეროს ყველა დარგსა და მიმართულებას და დაარეგულირებს კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობათა ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სხვა შენობაში გადავა
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაიზრდება სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობა და კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური პოტენციალი. კერძოდ, სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში გაიზრდება 2,8%-დან 3,5%-მდე, ხოლო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებაში გაიზრდება 5,2%-დან 5,8%-მდე. კულტურული ტურიზმის წილი გაიზრდება 7,3%დან 8%-მდე.

სპორტი და ახალგაზრდობა

სიახლეები სპორტსაც შეეხება – სამინისტრო აპირებს შექმნას სასპორტო განათლების სისტემა, რომელიც სპორტის თითოეული სახეობისთვის მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს. უმაღლესი და პროფესიული სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები (სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი) აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო, საწვრთნელი და სამეცნიერო ინფრასტრუქტურით.
საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს მრავალპროფილური სპორტული აკადემია, სპორტის ძირითად სახეობებში (ჭიდაობა, ძიუდო, მძლეოსნობა, ძალოსნობა, კალათბურთი, ცურვა, ფეხბურთი, რაგბი და სხვ.) სრულყოფილი წვრთნისა და ვარჯიშის შესაძლებლობებით.
საქართველოში შეიქმნება სულ მცირე სამი სპეციალიზებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც უზრუნველყოფენ სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას.
სპეციალური ლაბორატორია სპორტსმენებისთვის – მინისტრის გეგმები
მინისტრი ასევე შეეხო ახალგაზრდობის მიმართულების სტრატეგიას, რომელიც ახალგაზრდობის როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი განახლებადი რესურსის განვითარებას გულისხმობს.
ქვეყანაში გამართულად იმუშავებს არაფორმალური განათლების სისტემა. დაინერგება ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების სისტემა, რომლის ყოველწლიური ბიუჯეტი 5 მლნ ლარი იქნება. სამინისტრო ასევე მოაწყობს ახალგაზრდულ ბანაკებს, რომლებიც წელიწადში 15 ათას მონაწილეს უმასპინძლებს. დასვენებისა და გართობის გარდა, ბანაკები არაფორმალური განათლებისა და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ფუნქციას შეასრულებს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები.