„ოცნება" ფსონს ზრდის: ხმების 53%-ის მიღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება

შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებდა.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.
„მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხარს უჭერს.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია  ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე ხმების მინიმუმ 48%-ის აღებას გეგმავს. ამასთან, ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, რადგან მოსახლეობა იმედგაცრუებულია „ქართული ოცნებით“ და პატიოსან და სამართლიან არჩევნებზე ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება. სავარაუდოდ, არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს და ადრინდელი ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში დიდ დელეგაციას გამოგზავნის.