კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია

გერმანელი მეტეოროლოგის თქმით, ის ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებსაც დღეს ვეჯახებით, ატმოსფეროში ათობით წლის წინ გატყორცნილ გამონაბოლქვეზე რეაქციაა
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც ბოლო პერიოდში ასე ხშირად ხდება მსოფლიოში — იქნება ეს ანომალიური სიცხეები აშშ-ში თუ წყალდიდობები დასავლეთ ევროპაში, კლიმატური ცვლილებების ბრალია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია, წერს სააგენტო Bloomberg-ი.
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში ქალაქების მეოთხედს კლიმატის ცვლილების გამო კატასტროფა ელოდება
გამოცემის ინფორმაციით, მარტო ბოლო კვირის განმავლობაში 380 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, უგანდაში ადიდებულმა მდინარეებმა 30 სოფელი გადარეცხა, ხოლო მუმბაიში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით ადამიანი შეიწირა.
გარდა ამისა, იმავე პერიოდში ჰაერის ტემპერატურამ თურქეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 50 გრადუსს მიაღწია (ცელსიუსით), ხოლო სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ყინვები იყო.
რაც შეეხება ირანს, გასულ კვირაში იქ ბოლო ათწლეულების ყველაზე ცხელი ამინდები იდგა, რამაც ქვეყანაში წყლის ნაკლებობა და მოსახლეობის მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.
როგორც გერმანელი მეტეოროლოგი იოჰანეს კუაასი ამბობს, ყველა ამ კატასტროფის თავი და თავი ის კლიმატური ცვლილებებია, რომლებსაც სათბური გაზების გამოტყორცნა იწვევს.
„კლიმატის რეაქცია სათბური გაზების გამოფრქვევაზე მყისიერი არ არის. დათბობა და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, არის რეაქცია იმ გამოფრქვევებზე, რომლებიც ატმოსფეროში რამდენიმე ათეული წლის წინ მოხვდა“ — ამბობს სპეციალისტი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცობრიობა 2050 წლისთვის ნულამდე შეამცირებს სათბური გაზების ატმოსფეროში გაფრქვევას, პლანეტა მაინც განაგრძობს გახურებას მანამ, „სანამ ახალ ბალანსს არ მიაღწევს“.
როგორც მეტეოროლოგმა აღნიშნა, დედამიწა უკვე იმაზე 1,2 გრადუსით ცხელია, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო. ხოლო საუკუნის ბოლოს, მაშინაც კი, თუ კაცობრიობა გამონაბოლქვის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ტემპერატურა პლანეტაზე დაახლოებით ორი გარდუსით მაღალი იქნება.