საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

საქართველოში იმდენად რთული ეპიდვითარებაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეების ჯგუფების შექმნაზე და საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე ფიქრობს.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიურად 300-მდე საწოლის დამატება უწევს, რათა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
„მიმდინარეობს საწოლების აქტიური მობილიზაცია, ქვეყანაში რესურსი არის და მზადება ამ მიმართულებით გრძელდება. ჩვენ ყოველდღიურად 300-მდე საწოლს ვამატებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ. 
„კატასტროფული მდგომარეობაა“ – სპეციალისტები ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე
როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს სასტუმროების მობილიზაცია, რათა პაციენტების ნაკადის ადეკვატური მართვა შესაძლებელი გახდეს. ასევე მობილიზებულია ონლაინ-კლინიკაც, რომელიც დაახლოებით 20 ათას ინფიცირებულს მართავს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
„ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემას, ჩართულია და მოქმედებს. გამოცხადებულია მაღალი დონის მობილიზაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შეწყვეტილია გეგმური ოპერაციები. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს მოხალისეთა ჯგუფების შექმნაც.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია – დამატებითი დახმარებაა.
„მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა, ვინაიდან ის ინფიცირებას არ გამორიცხავს. ჩვენ ვაკვირდებით ბევრ ქვეყანას, რომლებმაც ვაქცინაციის მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება... ყველაზე ეფექტური მართვა საზოგადოების თვითორგანიზებაა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიძლება საველე ჰოსპიტლების გახსნა მოუწიოს.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.