თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ მონიშნონ ის კლინიკა, რომელიც კოვიდპაციენტის ოჯახს საჭირო მედიკამენტების ყიდვას მოსთხოვს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში კოვიდპაციენტისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და პრეპარტს, მიუხედავად ღირებულებისა, სახელმწიფო ანაზღაურებს.
„ყველას ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ, როცა ისინი აფიქსირებენ, რომ პაციენტის პატრონი მიდის, რათა 5 ათასი ლარი პრეპარატში გადაიხადოს, რომელიც კლინიკას უნდა შეეკვეთა, Facebook-პოსტში მონიშნონ ის კლინიკა, სადაც ეს ფაქტი მოხდა და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რამდენიმე დღის წინ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოვიდპაციენტის გადასარჩენად ერთ-ერთმა კლინიკამ პაციენტის ოჯახს მოსთხოვა მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ შეძენა, რომლის ფასი 5 ათასი ლარია.
აშშ–ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველომ (FDA) ამ პრეპარატის საგანგებოდ გამოყენების ნებართვა გასცა COVID-19–ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ ადამიანებზე. როგორც კვლევებმა აჩვენა, ტოცილიზუმაბი ეფექტურია კორონავირუსის მძიმე შემთხვევების დროს.