ვინც COVID-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს: აღმდგენი დიეტის თავისებურებები

ცნობილი ენდოკრინოლოგი ასახელებს პროდუქტებსა და მათ რაოდენობას, ასევე კვების რეჟიმს მათთვის, ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. დაბალანსებული მრავალფეროვანი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი დაავადების შემდეგ ორგანიზმის აღდგენის პროცესში, მაგრამ COVID-19-ს განსაკუთრებული თავისებურებები აქვს, განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ენდოკრინოლოგმა იურგიტა ვარაევამ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.  
როგორ მოვიქცეთ COVID-19-ზე ვაქცინაციამდე: ექიმის საყურადღებო რჩევები
მისი თქმით, ისინი, ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა, კალორიულ საკვებს უნდა მიეძალონ. მათი რაციონის კალორიულობა სხეულის მასის ერთ კილოგრამზე 20-30 კილოკალორიას უნდა შეადგენდეს დღე-ღამეში — მდგომარეობის სიმძიმისა და სხეულის თავდაპირველი წონის გათვალისწინებით.
ამასთან უპირატესობა უნდა მიენიჭოს მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტებს. კუნთოვანი ქსოვილის ატროფიასთან ბრძოლისთვის, თირკმელების მდგომარეობის გათვალისწინებით, რაციონში ცილების რაოდენობა სხეულის მასის ერთ კილოგრამზე 1,2-2 გრამს უნდა აღწევდეს.
ექიმის თქმით, სასურველია, რომ დღეში მიიღოთ შემდეგი პროდუქტების სამი-ოთხი ულუფა: რძე, რძემჟავა პროდუქტები, იოგურტი, ხაჭო, თევზი, კვერცხი, ხორცეული (განსაკუთრებით, ფრინველის ხორცი; სოსისები და ძეხვეული არ ითვლება), პარკოსნები – ლობიო, სოიოს პროდუქტები.
თუ აცრის გეშინიათ: ექიმი გასწავლით, როგორ მოიქცეთ
ამასთან ენდოკრინოლოგი ურჩევს კოვიდ-გადატანილებს, რომ მენიუ შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი გახადონ.
„რაც უფრო დიდი სხვაობა იქნება ერთ კვებასა და მეორეს შორის, მით უფრო მეტი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს მიიღებთ. ამასთან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს და დღეში ხუთი ულუფა (ერთი ულუფა 80 გრამი) მაინც მიირთვათ“, — განმარტა სპეციალისტმა.
როგორც ენდოკრინოლოგი ამბობს, აუცილებელია დაიცვათ კვების რეჟიმი: დღეში სამი ძირითადი კვება და ერთიდან სამამდე წახემსება – ზომიერი ულუფებით, თუმცა ხშირად და რეგულარულად.
„სასურველია, რომ ბოლო კვება დაძინებამდე 2-4 საათით ადრე მოასწროთ“, — დააზუსტა ექიმმა.
მისი თქმით, პოსტკოვიდური სინდრომის დროს კვება ძირითადად ზემოხსენებულ პრონციპებზე იგება, თუმცა იდეალური იქნება, თუ რაციონს, სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე, ექიმს დააკორექტირებინებთ.