თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალურ ეტაპზეა.
21 წლის ბექაურმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოლიმპიადა პოლონელი პიოტრ კუჩერასთან დაპირისპირებით დაიწყო. ორთაბრძოლაში ლაშა ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი შებოჭვით საქმე სუფთა გამარჯვებამდე მიიყვანა.
მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო, რომელმაც ქართველ ძიუდოისტს გდება შეუსრულა და ვაზარით დაწინაურდა. მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მეტოქეს საპასუხო გდება ორჯერ შეუსრულა და მეოთხედფინალში გავიდა.
ნახევარფინალში გასასვლელად ლაშას უზბეკ დავლატ ბობონოვთან გამარჯვება მართებდა. ბექაურის წამოწყებული ილეთის დროს უზბეკმა სპორტსმენმა თავი წესების დარღვევით დაიცვა და მსაჯებმა ქართველს ტექნიკური გამარჯვება მიანიჭეს.
ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე ლაშა რუს ძიუდოისტს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იგონლიკოვმა ნახევარფინალში გასვლა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან გამარჯვებით შეძლო. ბექაური და იგოლნიკოვი ერთმანეთს წელს დოჰას მასტერსზე შეხვდნენ, სადაც ქართველი იპონით დამარცხდა.