შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა - ძიუდოისტს ქართველი ექიმი დაეხმარა

შერაზადიშვილმა გონების დაკარგვამდე დანებების მიზნით ტატამზე ხელი დაარტყა, რაც არბიტრის ყურადღების მიღმა დარჩა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს ექიმებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ტურნირის ფავორიტად მიიჩნეოდა, ასპარეზობას გამოეთიშა.
შერაზადიშვილი მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდა. ორთაბროლის ძირითადი დროის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როცა იგოლნიკოვმა პარტერში ნიკოლოზს მახრჩობელა ილეთით გონება დააკარგვინა.
Николоз Шеразадишвили во время поединка с Михаилом Игольниковым
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა გონება დაკარგა
აღსანიშნავია, რომ შერაზადიშვილმა მტკივნეული ილეთის დროს ტატამზე ხელი დაარტყა, რაც შეხვედრის არბიტრმა სავარაუდოდ ვერ შეამჩნია და ბრძოლა არ შეაჩერა. შედეგად შერაზადიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოჩდნა, ტატამზე კი მის დასახმარებლად მალევე ექიმები გამოჩდნენ.
ბექაური ნახევარფინალშია – ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი იბრძვის
საინტერესოა, რომ ქართული წარმომავლობის ძიუდოისტის დასახმარებლად ტატამზე წამებში გამოჩნდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც სპორტსმენს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და შერაზადიშვილი ფეხზე მალევე წამოდგა.
ასევე უნდა აღინიშნოს იგოლნიკოვის არასპორტული დამოკიდებულება, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფი მეტოქის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა და გამარჯვება აღნიშნა.
შერაზადიშვილი იგოლნიკოვს მეცხრედ შეხვდა და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. აღნიშნული ცხრა შეხვედრიდან, ნიკოლოზის ანგარიშზე მხოლოდ ორი გამარჯვებაა. რაც შეეხება იგოლნიკოვს, მას ნახევარფინალში ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტთან ლაშა ბექაურთან მოუწევს დაპირისპირება.