პრეზიდენტი: საქართველოს ოთხი ნაკრძალი ღირსეული შენამატია მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში

მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულია მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.
Sputnik
 
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ფაქტს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 
საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში მოხვდა
საქართველოს ოთხი ნაკრძალი - მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
„აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, -  დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.  
საქართველოს ხელისუფლებამ მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებისთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იუნესკოში განაცხადი შეიტანა.  ყველა ეს ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე ძველი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. ამჟამად იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალი ბუნების 200 ძეგლს მოიცავს.
მტირალას პარკი
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. 
საქართველოში მეტი ნაკრძალი გაჩნდება
მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.
მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.
კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. პარკი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. 
საქართველოს რამდენიმე ნაკრძალს შესაძლოა იუნესკოს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
პარკის შემადგენლობაში შედის კოლხეთის ჭაობები, რომლებიც შემორჩა რელიქტური ტროპიკული და სუბტროპიკული ეკოსისტემიდან, რომელიც ევრაზიაში 10 მილიონი წლის არსებობდა. პარკში ზამთრობენ ისეთი გადამფრენი ფრინველები, როგორებიცაა კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები, იხვები, ბატები, გედები, ჩვამები. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და კოლხური ხოხობი.
გარდა ამისა, პარკში ბინადრობს 16 სახეობის ენდემური ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა და რამდენიმე სახეობის ღამურა. ასევე ბინადრობენ ტურა, გარეული ღორი, შველი, წავი. კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეთა მრავალფეროვნებით.
კინტრიშის დაცული ტერიტორიები
კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარაში და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის. ნაკრძალში შემორჩენილია მესამეული პერიოდის ენდემური და რელიქტური სახეობის უამრავი მცენარე.