თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს ოთხი ნაკრძალი - მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ნათქვამია იუნესკოს Twitter-ის გვერდზე.
„კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ბრავო!“ - ნათქვამია შეტყობინებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებისთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იუნესკოში განაცხადი შეიტანა. ყველა ეს ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე ძველი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.
„მსოფლიო მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში ხვდება ის უნიკალური ტერიტორიები, რომელთა პირველყოფილი სახით შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად ჩამონათვალი ბუნების 200 ძეგლს მოიცავს.
• მტირალას პარკი
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.
მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.
მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.
• კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. პარკი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს.
პარკის შემადგენლობაში შედის კოლხეთის ჭაობები, რომლებიც შემორჩა რელიქტური ტროპიკული და სუბტროპიკული ეკოსისტემიდან, რომელიც ევრაზიაში 10 მილიონი წლის არსებობდა. პარკში ზამთრობენ ისეთი გადამფრენი ფრინველები, როგორებიცაა კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები, იხვები, ბატები, გედები, ჩვამები. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და კოლხური ხოხობი.
გარდა ამისა, პარკში ბინადრობს 16 სახეობის ენდემური ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა და რამდენიმე სახეობის ღამურა. ასევე ბინადრობენ ტურა, გარეული ღორი, შველი, წავი. კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.
• ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეთა მრავალფეროვნებით.
• კინტრიშის დაცული ტერიტორიები
კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარაში და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის. ნაკრძალში შემორჩენილია მესამეული პერიოდის ენდემური და რელიქტური სახეობის უამრავი მცენარე.