ჯანდაცვა: საქართველოში ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა" შტამი აქვს

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების 50%-ს „ინდური შტამი" გამოუვლინდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ „დელტა" შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს მაჩვენებელი იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-ს აღწევს. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა" შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია", - განაცხადა გაბუნიამ.
გამყრელიძე: ქვეყანაში „ინდური" შტამის გავრცელება სწრაფად ხდება
გაბუნიას განმარტებით, რაც უფრო წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით უფრო გააქტიურდებიან ანტივაქსერები. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ანტივაქსერული კამპანია ასე აქტუალურია, რომელსაც ჯანდაცვის უწყება სწორი ინფორმაციული პოლიტიკის დახმარებით ებრძვის.
დღეისთვის საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 6 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 5,2 ათასი დაკავებულია. ჯანდაცვის უწყება მინიმუმ 1,5 ათასი საწოლის დამატებას გეგმავს.
საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. "დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური" შტამი „ბრიტანულს" მთლიანად ჩაანაცვლებს.