თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16,9 მლნ აშშ დოლარის 18,9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სეზონის დაწყებიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6,3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5,9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11.935 ტონა) და სომხეთში (5.872 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ვაშლატამასი – 1,8 ლარამდე.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.