თბილისში მამაკაცი ბანკში სავენტილაციო მილიდან შეიპარა

მამაკაცი ბანკში გასაქურდად შეიპარა, თუმცა ფულის წაღება ვერ მოახერხა. სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „VTB ბანკის“ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი სავენტილაციო მილიდან ბანკის გასაქურდად შეიპარა და შემდეგ იმავე გზით გაიპარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბანკში შეპარული მამაკაცი დილით სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. მამაკაცი მათ დაემუქრა, რომ სახეში ნავთს შეასხამდა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...
ბანკში მისულ პოლიციას მამაკაცი იქ აღარ დახვდა. მან შენობა ისევ სავენტილაციო მილების საშუალებით დატოვა. 
მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მას სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19-177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.