ვაჟა მარგველაშვილი - ძიუდო (-66 კგ)
28 წლის მარგველაშვილს რიო-დე-ჟანეიროს 2019 წლის ოლიმპიადის გამოცდილება გამოადგა. ბრაზილიაში ქართველი ძიუდოისტი ჩავიდა როგორც მედლის ერთ-ერთი პრეტენდენტი, მაგრამ პირველივე ორთაბრძოლა სენსაციურად წააგო. დღეს ტოკიოში მას „ბოდიშის მოხდა“ მოუწია იმის გამო, რომ ოქროს მედალი ვერ აიღო.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე მარგველაშვილმა დაამარცხა იაკუბ შამილოვი (რუსეთი), ბარუხ შმაილოვი (ისრაელი) და ან ბაული (სამხრეთ კორეა). ფინალი მასპინძელ ჰიფუმი აბეს წინააღმდეგ დაძაბული გამოდგა და თანასწორი ბრძოლით წარიმართა, მაგრამ მაინც ოდნავ უფრო ძლიერი იაპონელი ძიუდოისტი აღმოჩნდა.
„ვერცხლის მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტოკიოში ოქროსთვის ჩამოვედი. ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს ვუხდი“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურთან.
აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილმა საქართველოს მოუტანა მედალი ძიუდოში ზედიზედ მეშვიდე ოლიმპიადაზე. ქართველმა ძიუდოისტებმა ატლანტაში გამართული ოლიმპიური თამაშებიდან (1996) მოყოლებული ქვეყანას ჯამში მოუტანეს ცხრა მედალი (სამივე სინჯის სამ-სამი ჯილდო).
ნინო სალუქვაძე - სროლა პნევმატური პისტოლეტით, 10 მ
სამწუხაროდ, თავის მეცხრე (!) ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მსროლელებს ექვსი სერია ჰქონდათ 10-10 გასროლით, სადაც სალუქვაძემ ჯამში 567 ქულა დააგროვა (93, 92, 99, 95, 95, 93), მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საუკეთესოთა რვიანში და ფინალში მოსახვედრად.
სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონი გახდა რუსეთის წარმომადგენელი ვიტალინა ბაცარაშკინა.
შოთა მიშველიზე (-61 კგ) და გოგა ჩხეიძე (-67 კგ) - ძალოსნობა
ქართველმა ძალოსნებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა არც ისე წარმატებულად დაიწყეს. შოთა მიშველიძემ (-61 კგ) შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ორჭიდის ჯამში დააგროვა 285 კგ (130+155), ხოლო ჩხეიძემ (-67 კგ) მერვე ადგილი დაიკავა შედეგით 302 კგ (133+169).
პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ჩინელი შტანგისტები ლი ფაბინი (-61 კგ) და ცენ ლიცზუნი (-67 კგ).
საქართველოს ნაკრების არსენალში ჰყავს კიდევ ორი ძალოსანი: ანტონ პლესნოი (-96 კგ), რომელიც ფიცარნაგზე 31 ივლისს გავა, და ლაშა ტალახაძე (+109 კგ). მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის გამოსვლა 4 აგვისტოს შედგება.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი - ძიუდო (-52 კგ)
ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ოლიმპიური ტურნირი ჰაიტელი საბიანა ანესტორის დამარცხებით დაიწყო. მაგრამ ეს გამარჯვება ჩვენი სპორტსმენისთვის თამაშებზე ერთადერთი აღმოჩნდა. მომდევნო შერკინებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტის, ფრანგი ამანდინ ბუშარის წინააღმდეგ ლევიცკა-შუკვანმა ტრავმა მიიღო და ტატამის დატოვება მხოლოდ ექიმების დახმარებით შეძლო.
შედეგად, ბუშარი ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ უტა აბესთან დამარცხდა.
26 ივლისს საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენი წარადგენს: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ), სახილ ალახვერდოვი (კრივი, -52 კგ) და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მეორე წრეში იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.