თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 65 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლებას 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სამართალდამცველებმა ზუგდიდში 65 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 23 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა და ტარება.
ჩადენილი დანაშაული 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.