თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (საქართველო-თურქეთის საზღვარი) მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, მან მიგრანტი თავისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა, რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
პოლიციამ, ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს" გავლით ცდილობდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.