თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტ ლუკა მხეიძის წარმატებას Twitter-ში გამოეხმაურა.
აღსანიშნავია, რომ ლუკა მხეიძემ საფრანგეთის დელეგაციას პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა. ძიუდოისტმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოლიმპიადაზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელი კიმ ვონ ჯინი დაამარცხა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ლუკას წარმატებით ამაყობს.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“, - წერს ემანუელ მაკრონი.
მაკრონის განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„საფრანგეთს პირველი ოლიმპიური მედალი ლუკა მხეიძემ მიართვა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook-გვერდზე.
ლუკა მხეიძემ საქართველო 12 წლის ასაკში დატოვა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც სწორედ საფრანგეთის სახელით მიიღო.