თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივე ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო.
23 წლის მადიევი პირველ ეტაპზე აზერბაიჯანელ ლორენსო სოტომაიორს შეხვდა და ორთაბრძოლა ვადაზე ადრე მოუგო. აღსანიშნავია, რომ სოტომაიორი, რომელიც წარმოშობით კუბელია, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
პირველი ორი რაუნდის შემდეგ მადიევის უპირატესობა გამოიკვეთა. მესამე რაუნდში, როდესაც ესკერხანი უკვე 2:0-ს იგებდა, მსაჯმა მეტოქის ტრავმის გამო ბრძოლა შეაჩერა. შედეგად ქართველი მებრძოლი მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უგანდელი ბვოგი შადირი (BWOGI Shadiri) იქნება.
აღნიშნული შეხვედრა 27 ივლისს, „კოკუგიკან არენაზე“ (Kokugikan Arena) გაიმართება.