ვინც ვერ დარეგისტრირდება Pfizer-ის მეორე დოზაზე, ჯავშანს ავტომატურად მიიღებს

Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. ვაქცინაციისთვის საქართველოში ამჟამად 37 დაწესებულებაა შერჩეული და მოქალაქეებს აცრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. Pfizer-ის მეორე დოზაზე მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.
ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Pfizer-ით აცრისთვის – მინისტრის მოადგილის განმარტება
„დღეს უკვე განახლდება Pfizer-ის რეგისტრაცია მეორე დოზებზე. პირველი დოზით აცრილებს 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება, 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ Pfizer-ის ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი ინფორმაციით, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოგვიანებით შეცვალონ ვაქცინაციის თარიღი და კლინიკა.
გარდა ამისა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის მსურველებს Pfizer-ზე რეგისტრაციისას აღარ შეექმნებათ ის ტექნიკური პრობლემა, რომელიც 14 ივლისს შეექმნათ, როდესაც რეგისტრაცია გართულებული იყო. მაშინ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია ვერ შეძლო. ჯანდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზი მაღალი მიმართვიანობით იყო გამოწვეული.
„საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა შაბათს შემოვა
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის კიდევ ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ამ დროისთვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.