თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან ცხელ ხაზზე რეგისტრაციას, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაციას.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ რეგისტრაციის პორტალისა და ცხელი ხაზის საშუალებით – 15-22 პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.
„დოზების რაოდენობა ქვეყანაში, როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებელი ადგილების რაოდენობა ქვეყანაში ეტაპობრივად გაიზრდება, რათა არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, მათთვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რამდენიმე დღის წინ Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვისაც გახდა ნებადართული. ხოლო AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ამ დროისთვის სულ აცრილია 391.781 პირი, ერთ დღეში აცრილია 8.286 ადამიანი.