თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს „პირველი არხის" ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის გამო 34 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს „პირველი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:
• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 24 პირი;
• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
შსს-ს განცხადებით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.