ცდა მეორე: საქართველოს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს აირჩევს

საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის კანდიდატურას 22 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრაზე ხელახლა დააყენებს.
ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია ორი კანდიდატი – საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 37 წლის გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 31 წლის გიორგი სანტურიანი. 
საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ვერ აირჩია
ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით კვირას, 18 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩავარდა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების 2/3.
დღეს გამართულ სხდომაზე კი დეპუტატები გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს კენჭს ხელახლა უყრიან და ხუთი წლის ვადით პოსტის დაკავებისთვის თუ რომელიმე მათგანი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ექვსი თვით აირჩევს.
ექვსი თვის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ დასანიშნად ახლა კანდიდატისთვის საკმარისი იქნება 75 დეპუტატზე მეტმა დაუჭიროს მხარი.
ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის „ქართულ ოცნებას“ 16 ხმა არ ჰყოფნის. ოპოზიცია არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. წინასწარი მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი დაიკავებს, რომელსაც კვირას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა.
დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით. 
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე? პარლამენტში ხელახალი კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართება
აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.
იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ასევე 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.