თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორის მერობის კანდიდატად თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს ლადო (ვლადიმერ) ხინჩეგაშვილს წარადგენს, ინფორმაციას პირად წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ტელეარხი „ფორმულა“.
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს. ცესკო ასევე შეაჯამებს კენჭისყრის შედეგებს პარტიების მიხედვით და თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს ხმების 43%-ს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ტელეარხის ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა. სპორტსმენი და მისი ოჯახი წარმოშობით გორიდანაა.
„ქართულ ოცნებაში“ არც დაადასტურეს, მაგრამ არც უარყვეს ხმები ხინჩეგაშვილის კანდიდატურის შესახებ. პარტიაში აღნიშნეს, რომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.
ლადო ხინჩეგაშვილი - რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიური ჩემპიონია 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ლონდონის თამაშების (2012) ვერცხლის პრიზიორია 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში. თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავის ანგარიშზეა ასევე გამარჯვება 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და სამი უმაღლესი ჯილდო კონტინენტურ პირველობებზე.