თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დამწუხრებული ვარ გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რომელმაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და დიდი ზიანი გამოიწვია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საქართველო თქვენ გვერდითაა ამ რთულ დროს“, – წერს ზალკალიანი Twitter-ზე.
ბოლო ინფორმაციით, გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. გერმანიაში ციკლონ „ბერნდის“ გამო სტიქია ორშაბათიდან მძვინვარებს. ძლიერი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლებული პუნქტები დატბორა.
გავრცელებული ინფორმაციით, არვაილერის რაიონში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე უამინდობის შედეგად ექვსი სახლი ჩამოინგრა. მარტო არვაილერის რაიონში 18 ადამიანი დაიღუპა, 15 ადამიანი – ქალაქ ოისკირხენში.
ამ დროისათვის ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.