თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობის" ლიდერისა და საინფორმაციო პლატფორმა „ალტ–ინფოს“ (ალტერნატიული ინფორმაცია) წევრების გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დამთავრდა.
როგორც ჟურნალისტებს „ზნეობის“ ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, კითხვები 5–6 ივლისის თბილისის მოვლენებს ეხებოდა.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 5 ივლისის არეულობების საქმეზე სულ 24 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ, თუმცა აქამდე ხელშეუხებელი რჩებოდნენ არეულობების ორგანიზატორები.
„გამოძიებას ყველა კითხვაზე ვუპასუხე. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე მოხდებდა. თუკი მათზე იმხელა ზეწოლა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ. ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან მოდის ზეწოლა“, – განაცხადა „ალტ–ინფოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ.
„ამ საელჩოებმა და ჟურნალისტებმა ხალხი იქამდე მიიყვანეს, რომ გაამწარეს და ამიტომ მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი რამ. როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დავიცავ თბილისი პრაიდის ღია მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზეო, მე ეს გამიხარდა. მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
დღესვე გამოკითხვაზე დაიბარეს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, მოძრაობის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი ალექსანდრე. ამ დროისთვის მათ უკვე დატოვეს პოლიციის სამმართველო.
გამოკითხვამდე პოლიციამ ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორთა სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.