თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქციაზე 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, დედაქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვინც დაინახეს მიკროფონით ან კამერით ხელში. ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ერთ-ერთი, ვინც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, სპირიდონ ცქიფურიშვილი იყო. ქართული ტელეარხების ეთერში გასულ ვიდეოში ჩანს, როგორ მოუწოდებს ის კონტრაქციის აგრესიულად განწყობილ მონაწილეებს ძალადობისკენ: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“.
დეკანოზი პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მისი ადვოკატის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მის კლიენტს ძალადობისკენ არ მოუწოდებია.
„არანაირი ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა, მოხდა ფაბრიკაცია თქვენ მიერ… იმ 10-წუთიან გამოსვლაში არ იყო არც ერთი მოწოდება ჟურნალისტების ცემისკენ ან ვინმეს შეურაცხყოფისკენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზი სპირიდონი სასჯელის სახით დროებით მსახურებას ჩამოაშორა და მას „მკაცრი საყვედური“ გამოუცხადა.
პოლიციამ დღეს ლგბტ–თემის საწინააღმდეგო კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა და ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.