არის თუ არა მოსალოდნელი მორიგი „ლოკდაუნი“ – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი

მედიკოსი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინება ვერ გაუძლებდა შეზღუდვების მოქმედების გაგრძელებას.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო მორიგი „ლოკდაუნის“ შემოღება ამ ეტაპზე არ იგეგმება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. სპეციალისტებმა მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდეს, რათა დაიცვან შვილები კორონავირუსისგან.
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს
„შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერ სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ განაახლოს. რადგან, როგორც იქნა, ქვეყანამ ამოისუნთქა, საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა აღინიშნება და ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფერი ამის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისა და ხალხისთვის. ამიტომ ქვეყანა ამ გაზრდილი მობილობის პირობებშიც ჯერ არ გეგმავს შეზღუდვებს“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ექიმის პოზიციიდან ის მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო. მაგრამ, მეორე მხრივ, ცერცვაძე ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინება ვერ გაუძლებდა შეზღუდვების მოქმედების გაგრძელებას.
ბათუმის ბულვარში ღამის კლუბებმა მუშაობის ნებართვა ვერ მიიღეს
„მიმაჩნია, რომ რადგან შეზღუდვები მოიხსნა, ახლა ნუ ვიწუწუნებთ იმაზე, „რა ვქნათ“, შეზღუდვების განახლება ამ სიტუაციაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა მან.
ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულთა უმრავლესობა კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამით არის დაავადებული. ის საქართველოში თებერვლის ბოლოს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უფრო აგრესიული ინდური შტამი ბრიტანულს უახლოეს დროს ჩაანაცვლებს.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 123.848 მოქალაქე.