თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 5.500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალური სექტორი ამას მომზადებული დახვდეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ყველაზე საყურადღებო პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა იყო.
„არც ერთი წინა ტალღის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა და პედიატრიული საწოლები ყოველთვის დაუტვირთავი რჩებოდა, ბოლო პერიოდში კი მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებაც", – აღნიშნა გაბუნიამ.
მისი განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებამ და მობილობის გაზრდამ ინფექციის გავრცელება და შემთხვევების მატება გამოიწვია. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მიდის მუშაობა, რომ რიგი გასართობი ღონისძიებებისა შეიზღუდოს.
„მიდის მუშაობა იმაზე, რომ რიგი არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, მაგალითად, ზაფხულის ბანაკები, ბავშვთა თავყრილობები, რაღაცნაირად შევზღუდოთ. განსაკუთრებით ბავშვებში იკვეთება შემთხვევების ზრდის მატება", – განაცხადა გაბუნიამ.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.398 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 382 ათასს გადააჭარბა.